ხან სუფთაა, წყნარი, მშვიდი,
ხან მღვრიე და მოსარიდი,
დღით და ღამით მოდის დაბლა,
მან არ იცის ძილი, დაღლა.
(მდინარე)
ვისაც თავში აქვს, ყველგან კარგია,
ვისაც თვალში აქვს, ქვეყნის ბარგია.
(ჭკუა)
კბილები მაქვს, პირი არა,
მაგრამ ჩემთვის ესეც კმარა,
როცა მოდის ჩემი ჯერი,
კიდეც ვჭამ და კიდეც ვმღერი.
(ხერხი)
ხის ტოტებზე დარბის, დახტის, –
გაჩერებულს ვინ ნახავს?
თხილს და კაკალს აგროვებს და
ზამთრისათვის ინახავს.
(ციყვი)
ერთი სახის სიმდიდრეა, მას ხელი არ ეკიდება,
არც წართმევა შეიძლება და არც ფულით იყიდება,
მოხუცი და ახალგაზრდა ამ სიმდიდრით იდიდება.
(ცოდნა)
დაწერეთ სამი ასოთი ზაფხულის გრილი ჰაერი.
(სიო)
თოკი სვამს და თიკი იბერება.
(გოგრა)
თავს ხერხი ბოლოს ნამგალი>
(მამალი)
ერთი თხა მყავს ელაო,
მხარზე გაედო ენაო,
იმისი ნათქვამ–ნაქნარი,
ქვეყანას დაეჯერაო.
(სასწორი)
თოფი ხისა,
ტყვია წყლისა,
ხეს ეცა და
ქვა გაიქცა.
(წისქვილი)
ხმას არ იღებს, ლაპარაკობს,
წინ გვიყენებს ცოცხალ–მკვდრებსა,
არ იცინის და არ ტირის,
ჩვენ კი გვაცინ–გვატირებსა.
(წიგნი)
თაგვი მირბის შარ– შარა,
კუდი მიაქვს ჩქარა–ჩქარა.
(ნემსი)
ხან ძველია, ხან ახალი, ხან ბურთია, ხან ნამგალი.
(მთვარე)
ხან მრისხანეა და ხანაც მშვიდი,
არ გაიდება იმაზე ხიდი.
(ზღვა)
სტუმარი თუ მასპინძელი,
ყველა ართმევს იმას ხელს,
მუდამ ჩუმად, მშვიდად არის,
არც გვარს ამბობს და არც სახელს.
(კარის სახელური)
ერთი პატარა მანანა
ხან გაიცინებს, ხან არა.
(ციცინათელა)
არც ენა არ აქვს და არცა თვალი,
ხან მუამბეა, ხან მომღერალი.
(რადიო)
ჭკუა–გონების ფარ–ხმალი,
პატარა, მოუსვენარი,
ზოგჯერ მალამოდ სახმარი,
ზოგჯერ გველივით მკბენარი.
(ენა)
ერთი შვიდფერი ქამარი მზისა და წვიმის შვილია
(ცისარტყელა)
დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალი
(წყალი)
მეც მაქვს, შენც გაქვს და გარუჯულ ჯირკსაც
(ჩრდილი)
მოვიდა თეთრი მოზვერი, გააგდო შავი მოზვერი.
(დღე და ღამე)
ხან გაჩნდება, ხან გაქრება, ხან აღარსად აღარ არი,
სხვა დროში თუ გამოჩნდება, თორემ ზამთარში არ არი.
(ელვა)
ასი, ასი ასლამაზი,
ასი კაბა აცვია,
აბრეშუმის ქოჩორი
გვერდზე გადავარცხნია.
(სიმინდი)
თეთრი ხნული, შავი თესლი,
თესლი მთესველს ეუბნება.
(წიგნი)
თეთრმა სუფრამ მთელი სოფელი დაფარა.
(თოვლი)
თეთრად გავჩნდი, წითლად გავიზარდე და შავად დავბერდი.
(მაყვალი)
წითელ ჭურვში წითელი კენჭები აწყვია.
(ბროწეული)
ერთ მინდორზედა დახტოდა,
ერთი უკუდო კატაო,
რაც საკუდეზე დააკლდა,
ყურებზე მოემატაო.
(კურდღელი)